კურორტი აბასთუმანი

  • #OK! EIKON APARTMENTS – უნიკალური კურორტი იმუნიტეტის ამაღლებისა და დასვენებისთვის

    14.03.25

    ჟურნალი OK! EIKON APARTMENTS-ის შესახებ გიამბობთ, რომელიც 2024 წელს გამოჩნდა ქართულ ბაზარზე და მაშინვე შეძლო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა თავისი უნიკალური ადგილმდებარეობითა და გამაჯანსაღებელი თვისებებით. კომპლექსი აბასთუმანში მდებარეობს. აქ დაგხვდებათ ყველაფერი იმისთვის, რომ თავი სრულიად სხვა სამყაროში იგრძნოთ. ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით უფრო დეტალურად დამფუძნებელს, რუსუდან გოგოლაძეს პირადად ვესაუბრეთ.

    უპირველესად, გაგვაცანით „ეიკონ აპარტამენტები“. რამდენი ხანია, რაც ბაზარზე გამოჩნდა?

    EIKON APARTMENTS-ის მშენებლობა 2022 წლის ივლისში, სამშენებლო კომპანია EIKON DEVELOPMENT-ის მიერ დაიწყო, რომელიც 2014 წელს სამცხე-ჯავახეთში ჩემი და ჩემი მეუღლის, გელა პეტაშვილის მიერ დაფუძნდა. EIKON DEVELOPMENT-ის პირველი პროექტი წარმატებით განხორციელდა ქალაქ ახალციხეში. ეს არის მრავალფუნქციური, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც 128 სხვადასხვა ფართის ბინას, კომერციულ ფართებსა და ოფისებს მოიცავს.

    2022 წლიდან აბასთუმნის პროექტზე მუშაობის გადაწყვეტილება იმის გამო მივიღეთ, რომ გვსურდა უნიკალური დანიშნულების მქონე კურორტის განსავითარებლად ჩვენი წვლილი შეგვეტანა. აბასთუმანთან ბავშვობიდან მაკავშირებს მოგონებები, ზაფხულობით ჩემს მეგობრებსა თუ ნათესავებთან ერთად ვისვენებდი. მოგვიანებით მეუღლეც აქ გავიცანი და მას შემდეგ ჩემს შვილებთან ერთად ვსტუმრობდი დასასვენებლად ამ არაჩვეულებრივ კურორტს. აქ ხალხი ძალიან თბილი და მოსიყვარულეა, ყოველთვის პატივისცემით და თავაზიანად ეგებებიან დამსვენებელს.

    რატომ აბასთუმანი? რა დადებითი და სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა?

    აბასთუმანს ზღაპრულ, მშვიდ და იდუმალ ადგილს შევადარებდი, სადაც ერთხელ თუ მოხვდი, ყოველთვის მიგიზიდავს და მოგიხმობს. ყოველთვის მოგინდება, კვლავ ესტუმრო და გამოსცადო ახალი შესაძლებლობები და გამოწვევები. აბასთუმანს ხშირად ცნობილი ადამიანებიც სტუმრობდნენ. მაგალითად, ლადო ასათიანი თავის წერილებში ხშირად იხსენებს აბასთუმანს. ლადოს მიერ ნიკოლოზ აგიაშვილისადმი მიწერილ წერილში ვკითხულობთ: „რა კარგია აბასთუმნის ცხელი წყალი – გოლიათური… აქ განკურნებულა თურმე ალექსანდრე მაკედონელი… ასე ამბობენ“. აკაკი გაწერელიას კი სწერს: „ო , რა მთვარიანი ღამეებია აბასთუმანში, აკაკი, რომ იცოდე!“ ზაქარია ფალიაშვილმა აბასთუმანში ცნობილი ოპერა „დაისი“ სამი ზაფხულის განმავლობაში დაწერა. ამ პერიოდში თურმე პეტრე მელიქიშვილიც აქ ისვენებდა.

    აბასთუმნის სასარგებლო თერმული წყლები ჯერ კიდევ საუკუნეების წინ იყო ცნობილი. როგორც მე-17 საუკუნის გამოჩენილი ქართველი გეოგრაფი, ისტორიკოსი და კარტოგრაფი, ვახუშტი ბატონიშვილი წერდა, მე-14 საუკუნეში აბასთუმნის ადგილას ქალაქი ოძრხე არსებობდა, რომელიც სამკურნალო წყლებით ყოფილა სახელგანთქმული. კურორტი აბასთუმანი ცნობილია მე-19 საუკუნის ბოლოდან, როგორც სამკურნალო თვისებების მქონე ჰავით, ასევე გამაჯანსაღებელი თერმული წყლებით. ამ პერიოდისთვის აბასთუმნის ჰავა გამოკვლეულ იქნა და ინიშნებოდა ფილტვით და ბრონქული ასთმით დაავადებულებისთვის. დაახლოებით 10 წელი იცხოვრა აქ ამ პრობლემით იმპერატორის ვაჟიშვილმა, გიორგი რომანოვმა. ამ პერიოდში აშენდა აბასთუმანში სასახლეები, ისტორიული შენობები არქიტექტორ ოტო სიმენსონის ხელმძღვანელობით. ასევე გიორგი რომანოვის ინიციატივით აშენდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარი, რომელსაც ახალ ზარზმას უწოდებდნენ. ტაძარი კი ცნობილმა მხატვარმა, მიხეილ ნესტოროვმა მოხატა.

    როდის დასრულდა აბასთუმანში EIKON APARTMENTS-ის მშენებლობა?

    აბასთუმანში EIKON APARTMENTS-ის მშენებლობა და სრული აღჭურვა დასრულდა 2024 წლის აგვისტოს დასაწყისში. მშენებლობა შესრულებულია უმაღლესი სტანდარტების მქონე, უსაფრთხო, ლიცენზირებული მასალებით. სამშენებლოდ გამოყენებულია YTONG-ის ბლოკი, რომელიც ენერგოეფექტურია.

    უფრო დეტალურად გაგვაცანით პროექტი.

    EIKON APARTMENTS-ის 5 საართულზე განთავსებულია 37 საცხოვრებელი ბინა. თითოეულ ბინას გააჩნია აივანი ტყის ხედით. ბინები იყიდება დასრულებული რემონტით და სრულად აღჭურვილი ავეჯით. შენობას გააჩნია სახანძრო უსაფრთხოება, ლიფტი, დაცვის სისტემები. მთელი წლის განმავლობაში EIKON APARTMENTS-ს აქვს ჯავშნების მიღების შესაძლებლობა, აპარტამენტები განთავსებულია სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმებზე, როგორიცაა, BOOKING-ი, AIRBNB-ი, TRIPADVISOR-ი. შენობას მაღალი სტანდარტებით ემსახურება 30-მდე თანამშრომელი.

    რატომ EIKON APARTMENTS-ი?

    ბრენდის სახელი – EIKON მე შევიმუშავე და ლოგოდ გამოვიყენე მესხური ოდის ჭერი, რომელიც მერცხლის ბუდისებური გადახურვაა. ძველად ოდაში სინათლე ჭერიდან ჩამოდიოდა. სახელს და ლოგოს აერთიანებს მზის სხივი, სითბო, სინათლე, რადგან ეიკონი სწორედ ამ ჭერიდან შემოსული მზის სხივის საზომი ერთეულია.

    სამზარეულოც გაგვაცანით.

    EIKON APARTMENTS-თან არსებული რესტორანი „იფანი“ ცნობილია ქართულ-ევროპული კერძებით და სასმელებით. „იფანი“ გახლავთ აბასთუმნის ტერიტორიაზე გავრცელებული ძვირფასი ხის სახეობა, რომელიც მითოლოგიურად არის სიმტკიცის, სიმშვიდის, დაკავშირების, ურთიერთობის სიმბოლო, სწორედ ეს არის ამ რესტორნისთვის დამახასიათებელი. გადაწყვეტილი გვაქვს სიმბოლურად ამ ხემცენარის, იფნის რესტორნის ტერიტორიაზე დარგვა, რაც მას უფრო მყუდროსა და სანახაობრივს გახდის. „იფანის“ მშვიდი გარემო გამორჩეულია ახლობელი ადამიანების შესაკრებად, წვეულებებისა და შეხვედრების მოსაწყობად, ახალი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად. სტუმრებს უჩნდებათ სურვილი, კვლავ ეწვიონ „იფანის“ სივრცეს. რესტორნის საფირმო კერძი შეიმუშავა „იფანის“ ბრენდშეფმა. ეს გახლავთ ხორცი ბოსტნეულის შიგთავსით, გოგრით, ნაღების კრემითა და ღვინის სოუსით. ეს კერძი დიდი მოწონებით სარგებლობს სტუმრებში. უნდა აღინიშნოს ასევე რესტორნის საფირმო კოქტეილი, რომელიც ჩვენი ბარმენების შექმნილია. კოქტეილი „იფანი“ გახლავთ ეგზოტიკური სასმელებისა და აბასთუმნის წიწვოვანი მცენარეების გემოების ნაზავი.

    რესტორანი „იფანი“ გვამოგზაურებს მე-19 ს-ის აბასთუმანში აქ გამართულ წვეულებებზე. ძველი ფოტომასალა მიგვანიშნებს, როგორ იკრიბებოდნენ და ერთობოდნენ აბასთუმანში საზოგადო მოღვაწეები და ცნობილი ადამიანები. რესტორნის ინტერიერი თანამედროვე სტილში შევიმუშავეთ დიზაინერთან ერთად, შემოვიტანეთ ძველი ელემენტები, როგორიცაა მოწნული ავეჯი, კედლის ფერი. წვეულების ფრაგმენტი გადმოვიტანეთ კედლის პანოზე, რომელიც ქართველმა გრაფიკოსმა დაგვიმზადა. ეს არის წვეულება, სადაც სიურრეალისტური წვეულების ჩანართებია, რაც უფრო მომხიბვლელს და მიმზიდველს ხდის სივრცეს. პანოზე გადმოტანილია ასევე იმ აივნების ორნამენტები, რომელიც აბასთუმნის ისტორიულ სახლებზეა წარმოდგენილი.

    კიდევ რა ტიპის სივრცეებს სთავაზობს EIKON APARTMENTS-ი სტუმრებს?

    რესტორანს აქვს საკონფერენციო სივრცე, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა შეხვედრის და აქტივობების დაგეგმვა. აქვეა გასართობი სივრცე ბილიარდის მოყვარულებისთვის. რესტორანს აქვს საზაფხულო, შემინული ტერასა. სტუმრებს საშუალება აქვთ სუფთა ჰაერზე დააგემოვნონ რესტორნის უგემრიელესი კერძები და სასმელები.

  • უნიკალური ადგილი გამაჯანსაღებელი, შემეცნებითი და სათავგადასავლო შესაძლებლობებით

    20.02.25

    სამთო-ბალნეოლოგიური კურორტი აბასთუმანი ზღვის დონიდან 1300 მეტრზე მდებარეობს. აბასთუმნის ცა ყველაზე განსაკუთრებულია მთელი წლის მანძილზე. კურორტი მდებარეობს მესხეთის ქედის სამხრეთ ნაწილში, მდინარე ოცხეს ულამაზეს ხეობაში და ჩაფლულია მარადმწვანე წიწვოვან ტყეში. ამ ადგილის ლანდშაფტი და არქიტექტურა განსაკუთრებულად გამორჩეულია, ისევე როგორც ჰაერი, რომელსაც ფთიზიატრები სასწაულმოქმედ სამკურნალო თვისებებსაც კი მიაწერენ.

    კურორტს სამი ძირითადი თემატური მიმართულება აქვს:

    • სამკურნალო;
    • შემეცნებითი;
    • სათავგადასავლო

    აბასთუმნის კლიმატიეს არის სუფთა ჰაერი, მზის, განსაკუთრებით - ულტრაიისფერი სხივების ინტენსიური რადიაცია, დაბალი ბარომეტრიული წნევა და ჟანგბადის გაცილებით მაღალი შემცველობა. ყველა ამ ფაქტორის გამო აბასთუმნის კლიმატი ახდენს მატონიზებელ და გამაკაჟებელ ეფექტს ადამიანის ორგანიზმზე. 

    აბასთუმნის თერმული წყლები ჯერ კიდევ საუკუნეების წინათ იყო ცნობილი. ეს წყლები რევმატული, გინეკოლოგიური, დერმატოლოგიური , ნერვული დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება.

    თანამედროვე ცხოვრებაში აქტუალური გახდა მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ბუნებასთან სიახლოვე ადამიანის ჯანმართელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამას  ბოლო 40 წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევებიც ადასტურებს. დადასტურებულია, რომ ბუნებასთან სიახლოვე ამცირებს სტრესსა და დეპრესიულ სიმპტომებს, ამაღლებს დადებით განწყობასა და თვითშეფასებას, აუმჯობესებს მეხსიერებასა და კონცენტრირების უნარს.

    აბასთუმნის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა ასტროფიზიკური ობსერვატორიაა, რომელიც 1932 წლიდან ფუნქციონირებს. აქ გალაქტიკებს, ვარკსვლავებს, მზის ფიზიკას, მზის სისტემის მცირე სხეულებსა და დედამიმწის ზედა ატმოსფეროს იკვლევენ. ობსერვატორიაში სტუმრობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია დღისა და ღამის ასტროტურების საშუალებით, სადაც ევგენი ხარაძის სახელობის მუზეუმის დათვალიერებასთან ერთად, ტელესკოპით მთვარეს, სატურნსა და სხვა ციურ სხეულებზე დაკვირვებას შეძლებთ.

    ლაშქრობის მოყვარულთათვის ნამდვილი სამოთხეა აბასთუმნის ტყეში მოწყობილი საფეხმავლო ბილიკები, ისტორიული ძეგლები და შენობები, რომლებიც მე-19 საუკუნეში ცნობილი გერმანელი და ავსტრიელი არქიტექტორების მიერ არის დაპროექტებული.